ახალი ცხოველები, ახალი ადგილისთვის მზადება და, რაც მთავარია, მსოფლიო ზოოპარკების სიაში საპატიო ადგილის დაკავება – ეს ის მთავარი დევიზია, რასაც თბილისის ზოოპარკი მომავალში გეგმავს. მართალია, ჯერ არც კი იციან, ზოოპარკს თბილისის რომელ კუთხეში გადაიტანენ, თუმცა, როგორც ზოოპარკის დირექტორი, ბატონი ზურაბ გურიელიძე ამბობს, თბილისის ზოოპარკის ბინადრები აუცილებლად იპოვიან სასურველ ადგილს.

ბატონო ზურაბ, იგეგმება თუ არა ზოოპარკის სხვა ადგილას გადატანა?

– საკმაოდ აქტუალურია ეს თემა, ყველას აინტერესებს, თუ სად გადავა თბილისის ზოოპარკი, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ საუბრის დონეზეა. ცხოველებს მართლაც რომ სჭირდებათ ახალი გარემო, რადგან ფართობი მცირეა. ყოვეწლიურად ზოოპარკში ახალ ცხოველთა ჯიშები შემოგვყავს, რომლებსაც მსოფლიო ბაზარზე ვყიდულობთ, სწორედ ამიტომ თბილისის ზოოპარკსაც არ აწყენდა გაფართოება.

გადაწყვეტილია თუ არა, რომელ ადგილას განთავსდება ზოოპარკი?

– ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ საუბრის დონეზე მიმდინარეობს ამის განხილვა, თუმცა მომავალში დაგეგმილია, რომ თბილისის ერთ–ერთ კუთხეში გადავიტანოთ ზოოპარკი და ადგილიც გავაფართოვოთ. არსებობს მითქმა–მოთქმა, რომ ზოოპარკი თბილისის ზღვასთან გადავა, არც ესაა ცუდი იდეა და ერთ–ერთ ადგილად თბილისის ზღვასაც მოვიაზრებთ, მაგრამ ჯერ არც კი ვიცით, საერთოდ მოხდება თუ არა ადგილმდებარეობის შეცვლა. ამის მიუხედავად, თბილისის ზოოპარკს ახალი გეგმები აქვს.

კერძოდ, როგორია თქვენი მომავალი გეგმები?

– ჩვენი მომავალი გეგემები მსოფლიო ზოოპარკთა სიაში საპატიო ადგილის დაკავებას უკავშირდება. სწორედ ამისთვის, ცოტა ხნის წინ ჩამოსულები იყვნენ ევროპის საერთაშორისო ზოოპარკების წარმომადგენლები, რომლებმაც დააყენეს ევროპის საერთაშორისო კონვენციის საზოგადოებაში ჩვენი მიღების საკითხი. სექტემბერში კი ეს ყოველივე გადაწყდება.

გყავთ თუ არა ახალი ბინადრები?

– რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ზოოპარკში ახალი ჯიშის ცხოველები შემოგვყავს, თეთრი ლომი, პატარა ლომის ბოკვერი, ტაფირი და სხვა. ასევე ველით სხვა ცხოველებსაც, რომლებიც სამომავლოდ შეემატებიან ზოოპარკს. ცხოველი, რომელიც ზოოპარკში იგზავნება, აუცილებლად შემოწმებულია იმ ქვეყნის მიერ, რომელიც გვიგზავნის ამ ცხოველს. შემოწმებულია, ჯანმრთელია თუ არა, ბრაკონიერების წესითაა დაჭერილი თუ არა და ა.შ.

შეცვალეთ თუ არა კვების რაციონი?– კვების რაციონი აბსოლუტურად იდენტურია, ჩვენი ცხოველები საერთაშორისო ზოოპარკების ცხოველების მსგავსად იკვებებიან. მტაცებლებს ვკვებავთ ხორცით და ხანდახან ისინი მიირთმევენ ცოცხალ საკვებსაც – თაგვებს, კურდღლებს. არიან ისეთებიც, რომლებიც მერქნიანი მცენარეებით იკვებებიან, ასევე ბოსტნეულით, ხილითა და თივით. სპილოები ყველაზე კარგად მჭამელი ცხოველები არიან, დღეში დედა 120 კილოგრამამდე საჭმელს ჭამს, შვილი კი – შედარებით მცირეს.

როგორ იქცევიან დამთვალიერებლები?

– არიან დამთვალიერებლები, რომლებიც იცავენ ყველაფერს, რაც მითითებულია ბანერზე. ზოგი კი სპეციალურად ამზადებს ტკბილეულს და სახლიდან მოაქვს, ასევე უმასპინძლდებიან პოპ–კორნით, რაც არ შეიძლება, ყველაზე საშიში კი მაინც “ცელოფნის” პარკია. ამის დაშვება, მართლაც რომ არ შეიძლება, ჩემი აზრით, დამთვალიერებლებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ჩვენ ცხოველებს კარგად ვკვებავთ. მე კი შემიძლია ვთქვა, რომ ზოოპარკის ბინადრები ზოგ ადამიანზე უკეთ იკვებებიან. ცოტა ხნის წინ მე თვითონ ამოვიღე პლასტმასის ბოთლი ბეჰემოტის აუზიდან, ეს ყველაფერი შეიძლება ფატალურიც კი იყოს ცხოველისთვის. ალბათ, უნდა მოვაწყოთ საამისოდ ჩვენებაც და დამთვალიერებლებს ვაჩვენოთ, თუ როგორ ვკვებავთ ცხოველებს. მაგალითად სპილოებს, რომლებიც დამალვის მიუხედავად, მაინც პოულობენ საკვებს.

მოწმდება თუ არა საკვები?– ყოველი წლის დასაწყისში ტარდება ტენდერი სხვადასხვა ფირმებს შორის, ხოლო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შემოაქვს საკვები, რომელიც შემოწმებულია, ახლავს ვეტერინარის დასკვნა და ვარგისიანობის ვადა. ამ ყველაფერს ასევე ამოწმებენ ჩვენი ვეტერინარები.

სამედიცინო შემოწმებას რამდენ ხანში ერთხელ ატარებთ?– ვეტერინარი აბსოლუტურად ყოველდღე ამოწმებს ცხოველებს. თუ ცხოველი მოწყენილია, მას აუცილებლად უტარდება შემოწმება.

რის მიხედვით შეარჩიეთ თანამშრომლები?

– ვერ ვიტყვით იმას, რომ ზოოპარკის თანამშრომლები ყველანი ან ვეტერინარები ან ბიოლოგები არიან, ეს ცოტა არ იყოს რთული საკითხია. საზღვარგარეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გადიან გადამზადებას და ხდებიან ცხოველების მომვლელები. ჩვენს ზოოპარკში კი არიან ახალგაზრდები, რომლებიც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, იწყებენ მუშაობას. ცხოველებთან კარგი დამოკიდებულება და მათი სიყვარული, ეს, ალბათ, ყველაზე მთავარია. ხალხს უკვირს, როცა ვეფხვის ან ლომის გალიასთან მივალ და ისე ვექცევი მათ, როგორც კარგ მეგობრებს. ცხოველმა არ უნდა შეამჩნიოს, რომ მის მიმართ ცუდად ხარ განწყობილი, მათთვის მეგობრობა მთავარია, თუმცა დამთვალიერებელმა უნდა დაიცვას ის, რაც მითითებულია ბანერზე თავისივე სიცოცხლის უსაფრთხოებისათვის.

უტარებთ თუ არა ტენდერებს თქვენს თანამშრომლებს?

– რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლები იყვნენ ლაიფციგის ზოოპარკში, სადაც ჩაუტარდათ ტრენინგი. ასევე გერმანიიდან გვყავდა ჩამოყვანილი ორი თანამშრომელი, ასევე ლაიფციგის ზოოპარკიდან, მათი ჩამოსვლაც სასურველი იყო ჩვენი თანამშრომლებისთვის. საკმაოდ რთულია გაუძლო ზოოპარკის წესებს. ყოველდღიური სიბინძურე, ცხოველებთან მოქცევის უნარი, შიშის არქონა, რაც ცოტა არ იყოს ხმამაღალი ნათქვამია, ეს ყველაფერი კი ზოოპარკის თანამშრომელს უნდა ჰქონდეს.

რამდენია მათი ხელფასი?– 400 ლარიდან ზემოთ.

ვინ აფინანსებს ქართულ ზოოპარკს?

– ქართულ ზოოპარკს მერია აფინანსებს. რაც შეეხება ბიუჯეტს, შემოსავალი შემოდის უმთავრესად ბილეთებიდან, ასევე, ატრაქციონების მიერ გადახდილი არენდის თანხაც ზოოპარკს ეკუთვნის. ასე რომ, ეს ყველაფერი ზოოპარკის შემოსავალია.

დამთვალიერებლების ნაკლებობას ხომ არ განიცდით?

– როცა ცხელა, ხალხის ნაკლებობა იგრძნობა, აი, სხვა დროს კი, მათი რიცხვი საკმაოდ მაღალია. ხანდახან ადგილიც კი მცირეა, რომ დამთვალიერებლები დავტიოთ.

რა აკლია ქართულ ზოოპარკს?

– ვოლიერებს გამწვანება აკლიათ. გარედან აუცილებელია იყოს ისეთი ჯიშის მცენარეები, რომლებსაც ცხოველები არ დაგლეჯენ და არ შეჭამენ. ასევე ფართობი, აუცილებლად საჭიროა გაფართოება, ამაზე მოლაპარაკებები კი უკვე მიმდინარეობს.

წყარო: ZOO.ge